ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლიდან ამერიკელ ხალხს მიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, ბაინდემა კვლავ დაიცვა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მტკიცედ დგას თავის აზრზე.
ბაიდენის განცხადებით, თალიბანთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და იყო შეთანხმებაც, რომლითაც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 15 500-დან 2 500-მდე შემცირდა.
"ამავე შეთანხმებით, ამერიკას უნდა გაეყვანა ჯარები ავღანეთიდან", - დასძინა ბაიდენმა.
"არჩევანი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა როგორც თქვენს პრეზიდენტს, იყო ორგვარი, ან უნდა შემესრულებინა ეს შეთანხმება, ან უნდა ჩავბმულიყავი თალიბანთან ბრძოლაში", - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, "შესაფერისი დრო ავღანეთიდან ჯარების გაყვანისთვის არასდროს ყოფილა და აღნიშნა, რომ "ავღანეთის მთავრობა მოსალოდნელზე ადრე დანებდა".
"ამერიკელები არ შეიძლება და არ უნდა იბრძოდნენ და იღუპებოდნენ იმ ბრძოლაში, მაშინ, როდესაც ავღანელები არ არიან მზად იბრძოლონ საკუთარი თავისთვის", - დასძინა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გულისტკივილი გამოხატა ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ძალზედ პირადულია ისევე როგორც იმ ამერიკელი ვეტერანებისთვის, რომლებიც ავღანეთში იბრძოდნენ ბოლო 20 წლის განმავლობაში.
"ეს ჩემთვის პირადულია, რადგან მე ვმუშაობდი ამ საკითხებზე იმდენს, რამდენსაც სხვ არავინ. ქაბულიდან ყანდაარამდე მე შევხვდი უამრავ ავღანელს, ლიდერებს, ვესაუბრებოდი ჩვენს ჯარისკაცებს", - თქვა ბაიდენმა.