გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გერმანიის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა.
ანგელა მერკელის განცხადებით, თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი ერთი ამოსუნთქვით დაამყარა და „ეს იყო ვითარების მწარე, დრამატული და საშინელი განვითარება“, განსაკუთრებით ავღანელი ხალხისთვის.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ადამიანებმა არასდროს უნდა დაივიწყონ ის მსხვერპლი, რაც სამხედროებმა ავღანეთში საერთაშორისო მისიის დროს გაიღეს.
"მათ შორის, იყო 59 გერმანელი ჯარისკაცი", - დასძინა მერკელმა.
კანცლერის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ქაბულიდან გერმანიის მოქალაქეების ევაკუაციის წარმატებით განხორციელება.
მისივე თქმით, 2 500 ადამიანიდან, რომლებიც ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ ქაბულში, 1900 უკვე გერმანიაშია. დანარჩენები მესამე ქვეყანაში იმყოფებიან და მოუთმენლად ელიან სამშობლოში დაბრუნებას.
მერკელის განცხადებით, არის კიდევ 1 000 ადამიანი, რომლებიც ქაბულში მუშაობდნენ გერმანიის განვითარების სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და "ისინიც ასევე უნდა იყვნენ დაცულნი".