გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ და სადაზვერვო სამსახურებმა არასწორად შეაფასეს ავღანეთის სიტუაცია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.
"დასამალი არაფერია. ჩვენ ყველამ, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, დაზვერვის სამსახურებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ არასწორად შევაფასეთ სიტუაცია. პროგნოზირება იმისა, თუ რა სიჩქარით ახდენდნენ კაპიტულაციას ავღამეთის სამთავრობო ძალების, ვერავინ შევძელით, ვერც ჩვენ, ვერც საერთაშორისო საზოგადოებამ და ვერც ექსპერტებმა", - თქვა ჰაიკო მაასმა.
გასულ დღეებში, ამერიკული სადაზვერვო სამსახურები ვარაუდობდნენ, რომ თალიბანი ქაბულის ხელში ჩაგდებას დაახლოებით 6 თვე მოუნდებოდა. მოგვიანებით, Washington Post-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ თალიბანი 90 დღეში შეძლებდა ქაბულზე კონტროლის დამყარებას. როგორც მოვლენების განვითარებამ აჩვენა, თალიბანმა მთელ ავღანეთზე კონტროლის დამყარება ნავარაუდევზე ბევრად ადრე მოახერხა.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, "თალიბანი" ქაბულში შევიდა, რითაც დაასრულა ავღანეთის მნიშვნელოვანი ქალაქების აღების პროცესი. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა უკვე დატოვა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების მოტივით ახსნა.
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის განცხადებით, ავღანეთში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. ამ საბჭოში შედიან ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, ისლამური პარტიის თავმჯდომარე გულბედდინ ჰექმათიარი და თავად ჰამიდ კარზაი.