მთავრობისგან სოლიდურ ფულად ჯილდოს ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნებიც მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოლიმპიურ დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვერცხლის მედლის მფლობელი - 500 000 ლარს მიიღებს, ბრინჯაოს მფლობელი - 250 000 ლარს.
ოქროს მედლის მფლობელი საქართველოს მთავრობისგან 1 მილიონ ლარს მიიღებს.
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოს თამაშები 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ყველაზე მეტი სწორედ ტოკიოში მედალი მოვიპოვეთ.
საქართველოს წარმომადგენელთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ ძიუდოისტებს ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და გურამ თუშიშვილს, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ.