სულ მცირე 81 ადამიანი დაიღუპა და 1.3 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა დასავლეთ გერმანიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად. იუწყება ადგილობრივი მედია.
წყალდიდობამ განსაკუთრებით მძიმე ვითარება შექმნა რაინლანდ-პფალცის მხარეში. მხოლოდ აქ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა.
რაინლანდ-პფალცის მხარის ქალაქ კობლენცის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ მსხვერპლი გაიზრდება.
გარდაცვალების სულ მცირე 31 შემთხვევა დაფიქსრიდა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა პარასკევს საგანგებო შეხვედრაზე განიხილავს წყალდიდობის აღმოფხვრის გზებს. რაინლანდ-პფალცის ხელმძღვანელობამ უკვე გამოყო 50 მილიონი ევრო მოკლევადიანი დახმარების სახით დაზიანებული გზების, ხიდებისა და სხვა ნაგებობების შეკეთებისთვის.
ორივე მიწის ტერიტორიაზე გრძელდება სამუშაოები მოსახლეობის გადასარჩენად, ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულია.
"ზარალმა მილიარდობით ევრო შეადგინა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დავეხმაროთ ხალხს, ვინც დაკარგა თითქმის ყველაფერი, ასევე, სწრაფად და ბიუროკრატიის გარეშე დავეხმაროთ დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს, რომელთა ინფრასტრუქტურაც განადგურებულია“, - განაცხადა გერმანიის მუნიციპალიტეტებისა და თემების ასოციაციამ.
ძლიერი და ხანგრძლივი წვიმების შედეგად დასავლეთ გერმანია წყალდიდობამ მოიცვა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ფედერალური მიწები რაინლანდ – პფალცი და ჩრდილოეთ რაინ – ვესტფალია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
უამინდობამ ასევე პრობლემები შექმნა ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ბელგიაში.