შეერთებული შტატებისა და უკრაინის ორგანიზებით, შავ ზღვაში მიმდინარე საერთაშორისო სახმედრო-საზღვაო წვრთნები See Breeze 2021 დასრულდა.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის, 65-ე ოპერატიული ჯგუფის მეთაურის მოადგილის, კაილ განტის განცხადებით, სამხედროები ხვალიდან შეუდგებიან მზადებას მომავალი წლის წვრთნებისთვის.
"Sea Breeze - 2021 დასრულდა. მაგრამ ხვალიდან ჩვენ უკვე ვიწყებთ Sea Breeze – 2022-ისთვის მომზადებას. მომავალ წელს ველოდებით კიდევ უფრო მეტ ქვეყანას", - განაცხადა განტმა.
შავ ზღვაში აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება Sea Breeze 2021 28 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.
სწავლების ისტორიაში, Sea Breeze 2021 ყველაზე მასშტაბური იყო. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობდა.
სამხედრო-საზღვაო წვრთნებში საქართველოც მონაწილეობს.