ქვეყნის მასშტაბით, წყალსაცავების მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლში დაგეგმილია თეძამის წყალსაცავის მშენებლობა, აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც დღეს „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა წარადგინა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.
ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტის შედეგად, რეგულარულად მოირწყვება 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი
"გლობალური დათბობისა და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, წყლის რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენება სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. შესაბამისად, წყალსაცავებისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის ხელშეწყობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაწყებულია კვლევა არსებული და ახლად მოსაწყობი (ჯამში 24 ერთეული) საირიგაციო წყალსაცავების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, მათ შორის, ილტოს წყალსაცავი კახეთში (80 მლნ/მ3 ), დალის მთის წყალსაცავი დედოფლისწყაროში (140 მლნ/მ3). კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით“, აცხადებს მინისტრი.