უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმიანება რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.
დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია
"უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია. რუსეთი რომ უკრაინას 2014 წელს თავს არ დასხმოდა, არ მოეკლა ათასობით ადამიანი და არ მოეხდინა ჩვენი მიწების ოკუპაცია, შეგვეძლო კარგი მეზობლებივით გვეცხოვრა. ჩვენს ერებს შორის უფსკრულის გაჩენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პუტინს, რომელმაც წამოიწყო აგრესია", - ამბობს კულება.
დმიტო კულებამ ასევე უპასუხა პუტინის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, რომ რუსებს უკრაინაში მკვიდრ, ძირძველ მოსახლეობად არ თვლიან.
"უკრაინის მკვდრი მოსახლეობა არის ყირიმელი თათრები, კრიმჩაკები, კარაიტები. რუსები არიან ეროვნული უმცირესობა, რომელთაც იცავს კონსტიტუცია, ისევე როგორც სხვა უმცირესობებს. მათ აქვთ საკუთარი სახელმწიფო, ამიტომ ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ მკვიდრ მოსახლეობად. ალტერნატიული ფანტაზიები არის რუსული მანიპულაციები", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, დღეს, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენცია "პირდაპირი ხაზის" ფარგლებში, განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია.
ამავე დროს, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსებს არ თვლის მკვიდრ მოსახლეობად, რაც გაუგონარია.