ათენის ეროვნული გალერეიდან წლების წინ მოპარული პიკასოს ნახატი იპოვეს.
საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილია ათენის ეროვნული გალერეიდან 9 წლის წინ მოპარული, სახელგანთქმული მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევარი "ქალის თავი".
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შეიპყრო 49 წლის კაცი, რომელიც პიკასოს ნამუშევრის ქვეყნიდან გატანას ცდილობდა. იუწყებიან, რომ დამნაშავეს თან აღმოაჩნდა კიდევ ერთი მოპარული ნახატი, ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის "ქარის წისქვილი".
პიკასოს ნახატი, ქალის პორტრეტი შესრულებული კუბისტური სტილით, თავად მხატვარმა უსახსოვრა ათენის ეროვნულ გალერეას ჯერ კიდე 1949 წელს.
ორივე ნამუშევარი ათენის გალერეიდან 2012 წელს მოიპარეს. პიკასოს ნახატი 16.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.