დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა კორონავირუსის ლამბდა შტამით ინფიცირების შემთხვევები, წერს გაზეთი Express, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით.
კორონავირუსის ლამბდა შტამი თავდაპირველად პერუში, ჩილეში, ეკვადორსა და არგენტინაში გამოვლინდა 2020 წლის ბოლოს. იუწყებიან, რომ პათოგენის ეს ვერსია შეიცავს სპაიკ ცილის რამდენიმე მუტაციას, რომელიც გავლენას ახდენს ვირუსის გავრცელების უნარზე. ამასთან, მეცნიერებს ჯერ არ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლამბდა შტამი იწვევს Covid-19-ის უფრო მწვავე მიმდინარეობას, ან ასუსტებს ვაქცინის ეფექტს.
ლამბდა შტამით ინფიცირებული პაციენტები ავლენენ სიმპტომებს, როგორებიცაა მაღალი სიცხე, მუდმივი ხველა, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.
დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაციაა აღწერილი, როგორც "შემაშფოთებელი". ესენია ალფა (ბრიტანული), ბეტა (სამხრეთ აფრიკული), გამა (ბრაზილიური) და დელტა (ინდური) შტამები. ეს უკანასკნელი აგრძელებს მუტაციას.