ამერიკულმა ავიაციამ ერაყსა და სირიაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების პოზიციები დაბომბა.
პენტაგონის ინფორმაციით, ავიაიერიშების სამიზნე იყო ოპერატიული ობიექტები და იარაღის საწყობები.
მათივე ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები აშშ-ის სამხედრო ძალების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით მოქმედებენ. შესაბამისად, ავიაიერიში მათი ქმედების საპასუხოდ განხორციელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა იმოქმედა თავდაცვის მიზნით, "განახორციელა აუცილებელი, სათანადო და მიზანმიმართული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ესკალაციის რისკის შეზღუდვას - მაგრამ ასევე მკაფიო და ცალსახა შემაკავებელი შეტყობინების გაგზავნას".
ავიაიერიშების განხორციელების განკარგულება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა. ეს არის საჰაერო თავდასხმების მეორე რაუნდი, რომლის განხორციელების ბრძანებაც, გაპრეზიდენტების შემდეგ, ბაიდენმა გასცა.
ბოლო თვეების განმავლობაში ერაყში განთავსებული ამერიკული ჯარები რამდენჯერმე მოხვდნენ დრონების თავდასხმების ქვეშ. ირანი უარყოფს რაიმე მონაწილეობას ამ ინცინდენტებში.
ერაყში ამ დროისთვის 2500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.