შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხალხმრავალი შეხვედრა გამართა ოჰაიოს შტატის ქალაქ ველინგტონში, სადაც სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის კრიტიკას მიუძღვნა.
დონალდ ტრამპმა პირობა მისცა შეკრებილ ათასობით მოქალაქეს, რომ "რესპუბლიკელები აღადგენენ კონტროლს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე, სენატზე, თეთრ სახლსა და მთლიანად ამერიკაზე".
მისი განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად წარმოუდგენლად რთული ბრძოლა იქნება ჩასატარებელი, მაგრამ "ჩვენ არ გვაქვს არჩევენი, გარდა რადიკალი დემოკრატების დამარცხებისა".
ტრამპმა აღნიშნა, რომ ბაიდენის პოლიტიკის შედეგად, "ჩინეთი, რუსეთი და ირანი ამერიკას ამცირებენ". ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ მიუხედავად რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციებისა, მას შესანიშნავი პირადი ურთიერთბები ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპმა ამჟამინდელი ადმინისტრაცია დაადანაშაულა წარუმატებელი პოლიტიკის გატარებაში ბიზნესთან, ჯართან, პოლიციასთან მიმართებაში და განაცხადა, რომ სწორედ ეს იწვევს დანაშაულის ზრდას ქვეყანაში.
მისივე თქმით, ბაიდენის პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების ნაკადი შემოვიდა.
ტრადიციულად, ტრამპმა დემოკრატები გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადაშაულა და აღნიშნა, რომ თვით დემოკრატების 30%-იც კი ეთანხმება ამას.
ტრამპის გამოსვლა ოჰაიოში იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა ხალხმრავალ მიტინგზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დატოვა. იუწყებიან, რომ მსგავსი მიტინგების სერია დაგეგმილია ამერიკის სხვადასხვა შტატში.