ირანი აღარ გადასცემს თავის ბირთვულ ობიექტებზე გადაღებულ მასალას ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ღალიბაფმა.
„შეთანხმება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან დასრულდა და ირანის ხელისუფლება აღარ გადასცემს რაიმე მონაცემებს ან ინფორმაციას ბირთვული ობიექტების სათვალთვალო კამერებიდან“, - თქვა ღალიბაფმა.
მანამდე, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მოუწოდა თეირანს, დაუყოვნებლივ უპასუხოს მოთხოვნას, რომელიც ირანის ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის ტექნიკური შეთანხმების განახლებას ეხება.
ატომური ენერგეტიკის სააგენტოსა და ირანს შორის არსებულ შეთანხმებას, რომელიც სააგენტოს შესაძლებლობას აძლევდა ფოტო-ვიდეო მასალა მიეღო ირანის ბირთვულ ობიექტებზე განლაგებული სათვალთვალო კამერებიდან, 24 ივნისს ამოეწურა ვადა.
საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ აუცილებელია ირანის ბირთვული საქმიანობის შესახებ მონაცემთა შეგროვების გაგრძელება.
ირანის ბირთვულ ობიექტებზე წვდომა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 23 თებერვლიდან შეუჩერდა. მანამდე, სააგენტოსა და ირანს შორის გაფორმდა დროებითი შეთანხმება, რაც გულისხმობდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე შემოწმების და მონიტორინგის გაგრძელებას სამი თვის ვადით
იუწყებიან, რომ თეირანის წინააღმდეგობა მასალების გადაცემაზე, შეაფერხებს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, სადაც ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე მსჯელობენ.