სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა არჩევნების შედეგი, რომლითაც გამარჯვებულად გამოცხადდა ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულება".
20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, „სამოქალაქო ხელშეკრულებამ" ამომრჩეველთა 53.91% მიიმხრო (71 მანდატი).
ექსპრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის ბლოკმა "სომხეთმა" ხმების 21,9% მიიღო - 29 მანდატი. ბლოკმა "მე მაქვს პატივი", რომელიც შეიქმნა ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტიის და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის არტურ ვანეციანის პარტიის "სამშობლოს" გარშემო, მოიპოვა 5,22%, - 7 მანდატი.
დანარჩენმა 22 პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო მინიმალური ბარიერის გადალახვა.
ექსპრეზიდენტი კოჩარიანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აცხადებს, რომ იგი გაყალბდა და შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რაც მთავრობის ფორმირებას დაუბრკოლებელს გახდის.