ირანში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური, რომელიც საპორტო ქალაქ ბუშერში მდებარეობს, "ტექნიკური გაუმართაობის გამო" გაითიშა. იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზია ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოზე (Tavanir) დაყრდნობით.
სააგენტოს პრესსპიკერის ცნობით, ატომური ელექტროსადგური გაითიშა 19 ივნისს და მისი მუშაობის აღდგენა, სავარაუდოდ 3-4 დღეში მოხდება.
პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ტექნიკური პრობლემა წამოიშვა ელექტროსადგურზე, თუმცა განაცხადა, რომ მისი გათიშვა ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას გამოიწვევს.
მანამდე, Tavanir-ი იუწყებოდა, რომ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 25 ივნისამდე გასტანს.
მარტში, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური შეიძლება დაიხუროს, რადგან ირანი ვერ შეძლებს რუსეთისგან საჭირო მასალების შეძენას, აშშ-ს მიერ 2018 წელს დაწესებული სანქციების გამო.
ბუშერის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი რუსული წარმოების ურანით მუშაობს. მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აკონტროლებს.
ეს არის ატომური ელექტროსადგურის გათიშვის პირველი შემთხვევა, რომელიც 2011 წლიდან რუსული წარმოების ურანით ფუნქციონირებს.