ირანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას გაეროს ბიუჯეტში ყოველწლიური კონტრიბუციის გადაუხდელობის გამო გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერდათ. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის, ანტიონიო გუტერეშის გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თამვჯდომარისათვის წარგზავნილ წერილში.
გაეროს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ასევე აქვთ სომალის, კომორის კუნძულებსა და სან-ტომე და პრინსიპეს, თუმცა მათ ხმის მიცემის უფლება 75-ე სესიის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ.
ხმის მიცემის უფლების აღსადგენად, ირანმა გაეროს ბიუჯეტში 16 251 298 აშშ დოლარი უნდა შეიტანოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ კი - 23 395 აშშ დოლარი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას გაეროს წესდების მე-19 მუხლის შესაბამისად, ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ.