შრი-ლანკის სანაპიროსთან ქიმიური ნივთიერებებით დატვირთულ ხომალზე მძლავრი ხანძარი გაჩნდა, რომელის ჩაქრობასაც ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.
სინგაპურში რეგისტრირებულ ხომალდზე MV X-Press Pearl ხანძარი ორ კვირაზე მეტია მძვინვარებს.
იუწყებიან, რომ ხომალდის ჩაძირვისას შესაძლოა ასობით ტონა ძრავის ზეთი და ქიმიური ნივთიერებები ოკეანეში ჩაიღვაროს, რაც დამანგრეველ გავლენას მოახდენს ეკოსისტემასა და წყალქვეშა სამყაროზე.
შრი-ლანკისა და ინდოეთის საზღვაო ფლოტები ერთობლივი ძალებით მუშაობენ ბოლო დღეების განმავლობაში ხანძრის ჩასაქრობად, რათა თავიდან აიცილონ გემის ნაწილებად დაშლა და მისი ჩაძირვა. თუმცა, ღელვა და მუსონური ქარები აფერხებენ სამაშველო ოპერაციას.
შრი-ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, გემი იძირება და მაშველები ცდილობენ მის სანაპიროსგან მოშორებით, ღრმა ზღვაში გადაყვანას, რათა კატასტროფული ეკოლოგიური შედეგები შეამცირონ, მაგრამ ვერ ახერხებენ.
ზღვისპირა ქალაქ ნეგომბოს მახლობლად, რომელიც განთქმულია თავისი სანაპიროებით, რამდენიმე დღეა შენიშნეს წყლის ნავთობით დაბინძურება.
186 მეტრი სიგრძის სატვირთო ხომალდი, რომელზეც 1486 კონტეინერია მოთავსებული ინდოეთის ჰაზირას პორტიდან 15 მაისს გავიდა. ხომალდი დატვირთულია 25 ტონა აზოტის მჟავით, ასევე სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებითა და კოსმეტიკით.