9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა, - თქვა საქართველოს პრეზიდნტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მან ეს დღე აირჩია წლიური მოხსენებისთვის, რადგან ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან.
„პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა, ის რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა!
მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები, და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას - ქვეყანა გამოცახდებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ეს იყო გამარჯვება - 70 წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა (დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს) დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები.
მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა - 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე (შეგნებულად არ ვამბობ „ძლიერ“) და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო“, - თქვა პრეზიდენტმა.