საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს - ნათქვამია ევროპარლამენტარების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც გამოთქმულია წუხილი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო.
მანამდე განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები შეხვდნენ კრისტიან დანიელსონს და მისგან მოისმინეს მედიაციის მიმდინარეობასა და მოლაპარალების უშედეგოდ დასრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერებით, რომ მათ გასულ სამშაბათს ვერ შეძლეს მიეღწიათ შეთანხმებისთვის, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაწული უდიდესი ძალისხმევისა, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დისკუსიაში მონაწილეობდნენ, პასუხისმგებელნი არიან დამდგარი შედეგის გამო და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობაში მყოფ პარტიას ეკისრება.
ჩვენ კიდევ ერთხეულ ვუცხადებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავ მუშაობას და მივესალმებით მის მიერ შემუშავებული წინადადების გამოქვეყნებას, რამაც ხელი შეუწყო მედიაციის პროცესის გამჭვირვალობას. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის სწორი გზაა: საარჩევნო და სასამართლო ამბიციური რეფორმები, ძალაუფლების განაწილება საქართველოს პარლამენტში და გადაწყვეტა სამომავლო არჩევნების საკითხისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი საქმისა.
წინადადების შინაარსი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. მხარს ვუჭერთ ევროპარლამენტთან "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის შექმნის იდეას.
მას შემდეგ რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას. ევროპარლამენტი, თავისმხრივ, მოუწოდებს შედეგების დადგომისკენ ევროკავშირის ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის ორივე, ევროკავშირის მიკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარების შემდეგი გაცემის და პირობითობის გაზრდის კუთხით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია)
მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი)
ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა)
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია)
სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი)
მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია)
პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა)
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, მმართველ პარტიისა და ოპოზიციას შორის, კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
მოგვიანებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა დანიელსონის წინადადებები, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.