ვინც უარს ამბობს ვაქცინაზე, ის რისკის ქვეშ აყენებს სხვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას - ამბობს თბილისის იშიდსისა და ინფექციური პათოლოიგიების ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია არ უნდა იყოს სავალდებულო, მაგრამ ადამიანებს დაბეჯითებით უნდა განემარტოს, რომ ვაქცინაზე უარის თქმით, ისინი რისკის ქვეშ აყენებს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩემი ინიციატივა იყო, რომ აცრა ყოფილიყო სავალდებულო. მე არ მახსოვს და თუ ვინმე მანახებს ასეთ აუდიოჩანაწერს, საინტერესო იქნება ჩემთვისაც. მე არასოდეს არ გამიკეთებია აქცენტი სავალდებულოობასა და იძულებაზე. ყველგან, ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს, რომ ეს უნდა იყოს მასობრივი აცრა. ეს უნდა იყოს მკაცრად რეკომენდებული, მაგრამ არა -სავალდებულო. ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მარტო თავის ჯანმრთელობას არ აყენებს რისკის ქვეშ, ის რისკის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებს, ხანდაზმულებს და სხვადასხვა რისკ-ჯგუფს, რომლებიც შეიძლება გახდნენ ავად. ვაქცინაცია არის თითოეული ინდივიდის გადასაწყვეტი და მისი პირადი თავისუფლება არ უნდა დაირღვეს, მაგრამ მკაცრად უნდა იყო რეკომენდებული, დაბეჯითებით განმარტებული, რომ ამით ის რისკის ქვეშ აყენებს სხვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.