ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას, რომელიც დღეს გავრცელდა, "სტრატეგია აღმაშენებელი" და "რესპუბლიკელები" არ შეუერთდნენ.
"რესპუბლიკელების" წევრის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მოლაპარაკებების წინ წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი.
"მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება", - თქვა სამნიძემ.
მოლაპარაკებების წინ ამ განცხადების გავრცელებას "ტაქტიკურ შეცდომას" უწოდებს "სტრატეგია აღმაშენებელი".
"სტრატეგია აღმაშენებელი" ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას", - აცხადებენ "სტრატეგია აღმაშენებელში".
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ:
ზურა ჯაფარიძე – „გირჩი მეტი თავისუფლება“,
„ლელო“,
ელენე ხოშტარია – „დროა“
„ევროპული საქართველო“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
პარტია „პროგრესი და თავისუფლება“
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
პარტია „ტრიბუნა“
„პროგრესი და თავისუფლება“
საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
„ერთიანი საქართველო“
„ევროპელი დემოკრატები"
„ქრისტიან-კონსერვატული პარტია“
„გამარჯვებული საქართველო“
„სამართლიანობისთვის“
„კანონი და სამართალი“.