პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტები დაკორექტირდება. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებების კორექტირება იგეგმება.
„რაც შეეხება პარტიების დაფინანსებასთან და არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევასთან დაკავშირებულ საკითხს, ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ არ გვაქვს ასეთი კანონპროექტის მიღების უფლება. დასკვნაში საუბარია, რომ გარკვეული რისკები სხვანაირად უნდა იყოს შეფასებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ რისკებზე გარკვეული საკითხების გადახედვას და კიდევ ერთხელ შეფასებას. სანქციები უნდა იყოს, თუმცა სანქციების რიგითობა, სიმწვავე და სიმკაცრე ვენეციის კომისიის შეფასებებიდან გამომდინარე, შეიძლება გადაიხედოს.
როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება პარტიის პირდაპირ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი კი არ დავსვათ, არამედ საჯარიმო სანქციების გამკაცრებაზე ვიფიქროთ. 2 000-ლარიანი ჯარიმა, რაც ახლაა დადგენილი, იმდენად არარელევანტურია, რომ ასეთი მოქმედების აღსაკვეთად ვერ ხდება შემაკავებელი ფაქტორი”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.