პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მაგიდაზე წინადადებები მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. ამის შესახებ ელისაშვილმა "იმედის კვირის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი შეთავაზება არ წარუდგენია.
"წინადადებები, რაც იდო მაგიდაზე, ეს იყო "ქართული ოცნების" წინადადებები. ეს ნამდვილად ასეა. არავის მოტყუება არ მინდა. ასე იყო. ოპოზიციისგან არანაირი შეთავაზება არ იყო. ერთადერთი, ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი და მორჩა და გათავდა. ეს იყო რაღაც ფეხმოუცვლელი პოზიცია", - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა. ამის შემდეგ, ოპოზიციამ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, რეგიონებში დაიწყებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და თბილისში მასშტაბურ აქციას 15 მაისს გამართავენ.