უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე, შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კომპრომისული წინადადებები ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე.
"ქვეყანაში არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვმსჯელობდით. რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენი პატივცემული ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი მიზეზით, იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა მოლაპარაკების პერიოდში, მოლაპარაკება ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან და წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდასთან და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ. მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, საჭიროა ახალ დღის წესრიგზე გადასვლა, რადგან "შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი".
"ვფიქრობთ, უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი. მაშინ, როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ, მათ შემოვლენ პარლამენტში. როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც, როცა მოუნდება მაშინ გამოვა ციხიდან. ამ არგუმენტებით, ამ ძალით შექმნილი ხელოვნური კრიზისით და არგუმენტებით, რომლებიც მათზეა დამოკიდებული რომ აღმოიფხვრას ერთ წამში, შეუძლებელია ვილაპარაკოთ, რომ კრიზისია ქვეყანაში და რაღაც სხვა დღის წესრიგი ვერ იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.