საქართველომ ევროპის გაწვდილი ხელი არ მიიღო - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანესი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს.
ევროპარლამენტარის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი.
"ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო", - ამბობს რასა იუკნევიჩიანესი.
ევროპარლამენტარი ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს.
"ჩვენ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, სამომავლოდ [საქართველოს დასახმარებლად], მაგრამ, ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით ამას. ხუთშაბათის შემდეგ, ჩემი ეჭვები უფრო გამყარდა. ჩემს კოლეგებთან, ან მეგობრებთან „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციაში ხშირად მიკითხავს ამაზე", - აღნიშნავს იუკნევიჩიანესი.
როგორც რასა იუკნევიჩიანესი აცხადებს, არჩევნების მოგება არ ნიშნავს ყველაფრის მოგებული სასარგებლოდ ჩართვას, ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება დემოკრატიაში და ისიც უნდა ჩაერთოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მოვალეობაა დაჯდეს ოპოზიციასთან.
"პირადად მე არ შევხვედრილვარ ქართველ პრემიერს, თუმცა ვიცი მისი ვიზიტის და სრულად, იმ მესიჯების შესახებ, რომელიც მან მიიღო, განსაკუთრებით ნატოს გენერალური მდივნისგან. ევროპელი ლიდერები ძალიან დიპლომატიური ენით და მიდგომებით გამოირჩევიან, თუმცა, ნატოს გენერალური მდივანი ძალიან ღია და პირდაპირი იყო. ბატონ ღარიბაშვილს, გამოცდილი პოლიტიკოსობა სულაც არ სჭირდება იმასთვის, რომ გაიაზროს ის პირდაპირი შეგონება, რომ მმართველი პარტიის მოვალეობაა დაჯდეს ოპოზიციასთან. თუ პრემიერმა ეს სხვაგვარად აღიქვა, მას ალბათ არ ჰყოფნის გამოცდილება, მაგრამ, სათქმელი ღიად და მკაფიოდ გადაეცა, რომ მისი პასუხუსმგებლობა აქ ძალიან დიდია", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.