ეს არის მცდელობა ზუსტად, რომ აყირავდეს მოლაპარაკების მაგიდა, არ შედგეს შეთანხმება - ასე აფასებს ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ლეიბორისტული პარტიის ლიდერისა და ასევე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გუშინდელ გამონათქვამებს.
„გუშინ ყველა ვუსმენდით, ორივე მხარე გამოვიდა იმედიანი, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ მოლაპარაკებები შედგეს და არ ჩაშალოს არავინ. თუმცა, დავინახეთ ისეთებიც, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი და გადავიდნენ ჩვენი პარტნიორების ლანძღვა - გინებაზე მორიგ ჯერზე. რაც შეეხება მოლაპარაკებას ყველაფერზე - დიახ, ყველაფერზე უნდა იყოს შეთანხმება, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თმობს მხოლოდ ერთი ან მხოლოდ მეორე მხარე. ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა. როცა ადამიანი ტოვებს მოლაპარაკებას, ნათელაშვილს ვგულისხმობ და იწყებს ლანძღვას ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევიდან იწყებს ჩვენი მეგობრების ლანძღვას და პრაქტიკულად ძაღლებს უწოდებს - „ისინი ჰყეფენ და ქარავანი მიდის, მე ჩემს საქმეს ვაკეთებო“, ეს არ გვიკვირს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც კოლონიზატორებს შეადარა დასავლეთი, ეს არის მცდელობა ზუსტად, რომ აყირავდეს მოლაპარაკების მაგიდა, არ შედგეს შეთანხმება და ვერ ეშვება თავის ოცნებას რევოლუცია მოაწყოს, მაგრამ ეს რევოლუცია არ მოხდება და ამას ქართველი ხალხი ხედავს,"- განაცხადა სუბარმა.