საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
"ყურადღება გავამახვილეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას. ჩვენს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება გაგრძელდება.
საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და სირთულეებს. განსაკუთრებით აღვნიშნე ევროკავშირის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე ვაქცინაციის როლი პანდემიის დამარცხებაში და ამ მიზნით ყველა ქვეყნისთვის ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
განვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. ჩვენი ხელისუფლება მზად არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ყურადღება დავუთმეთ რეგიონში განვითარებულ პროცესებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ასევე - ჩვენი მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა", - აცხადებს ღარიბაშვილი ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ.