შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუს ოპოზიცინერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდების გამო. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მისი და სხვა პირთა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს თავიანთი უფლებების განხორციელების დროს", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
შეგახსენებთ, მოსკოვის სიმონოვსკის სასამრთლომ ალექსეი ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე პირობითი მსჯავრი 3 წლითა და 5 თვით რეალური პატიმრობით შეუცვალა.
ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.