"საერთაშორისო გამჭვირვალობის"„კორუფციის აღქმის ინდექსში" (CPI) საქართველო 68-ე ადგილს იკავებს.
2010 წლის 26 ოქტომბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა.
"კორუფციის აღქმის ინდექსი" შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო. გასულ წელს, საქართველომ 4.1 ქულით 66-ე ადგილი დაიკავა. თუმცა, 2009 წელთან შედარებით საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.
"საქართველოს ინდექსი ცხადყოფს, რომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და კვლავ რჩება პრობლემად, რომელიც მოგვარებას საჭიროებს", - აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მატიას ჰუტერი.
კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემაში რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების (პრეზიდენტის, თბილისის მერისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების) გაჭვირვალობის ნაკლებობა, ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანასების საკითხებში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართულობის დაბალი დონე - ეს იმ საკითხების ნუსხაა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება.
„მეორე მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იმედს ამყარებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემა, რომელიც დეკემბერში ამოქმედდება, მრავალ პრობლემას გადაჭრის ამ სფეროში და სახელმწიფო კონტრაქტებს უფრო გამჭვირვალეს გახდის,-აცხადებს მატიას ჰუტერი, - ჩვენ ასევე მივესალმებით იმას, რომ რამდენიმე შემთხვევაში, კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიება მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მიმართ განხორციელდა."