დღეს, 13 მაისს, ქართველ მწერალს, დრამატურგსა და ესეისტს ჯემალ ქარჩხაძეს 84 წელი შეუსრულდებოდა.
მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი მოთხრობები და რომანები, როგორიცაა: „იგი“, „ანტონიო და დავითი“, „ზებულონი“, „განზომილება“, „ქარავანი“ და „იუპიტერის სინანული“. ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ჩეხურ, გერმანულ, შვედურ, რუსულ და არაბულ ენებზე.
ქართველი მწერალი დაკავებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობითაც. მას ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის „ატომის სადგური“, ლიონ ფეიხტვანგერის „ცრუ ნერონი“, რადიარდ კიპლინგისა და ძმები გრიმების ზღაპრები. ქარჩხაძე ასევე გახლავთ მრავალი სტატიის ავტორი, რომელიც სრულად და უცვლელი სახითაა გამოცემული ცალკე წიგნად.
1999 წელს ჯემალ ქარჩხაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ხოლო 2007 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია „გალას“ გადაცემის ცერემონიაზე წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნად მწერლის „მოთხრობების სრული კრებული“ დასახელდა.