თბილისში, ისრაელის კვირეულის ფარგლებში, საქართველო, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის კავშირების 35 წლისადმი მიძღვნილი 30-ე ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო გაწეული სამუშაოების შეჯამება და გეგმების განხილვა, რომელთა ხორცშესხმაც დაიწყება 2026 წელს იერუსალიმის ბიზნესფორუმით. ეს თარიღი ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 30 წლის იუბილეს ემთხვევა.
კვირეული საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ისრაელიდან თბილისს ეწვია 110-კაციანი 4 დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ მსოფლიო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისრაელის სამი ქალაქის მერები, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები და მედიის წარმომადგენლები. ოთხივე დელეგაცია 1.5 მილიონ ადამიანს წარმოადგენდა.
დელეგაციამ პირველი შეხვედრა „ისრაელის სახლში“ გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ სტუმრებს 27 ქვეყანაში „ისრაელის სახლის“ ბოლო აქტივობები გააცნო. ისაუბრა ისრაელის მხარდაჭერის (ჰასბარას) და ქვეყნებთან სახალხო დიპლომატიის დონეზე ორმხრივი კავშირების გაღრმავების ახალ მეთოდოლოგიაზე. ასევე ჩატარდა პირველი საქმიანი შეხვედრა ქართველ ქალებთან, სადაც ქალთა უფლებების საკითხები და სამედიცინო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
კვირეულის ფარგლებში, „ისრაელის სახლმა“ უმასპინძლა ცალცალკე ისრაელელ ქალ ბიზნესმენთა ჯგუფებს, კორპორაციულ წამყვან კომპანიებს, ისრაელის სამი წამყავნი ქალაქის მერებს, და 20-მდე საქმიანი შეხვედრა საქართველოშო ინვესტიციებისთვის.
დელეგაციამ მოინახულა საქართველოში ისრაელური ინვესტიციით განხორციელებული რამდენიმე პროექტი, მათ შორის ძველ თბილისში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და წალკაში გაფართოებული კასსლენდი (ბრილიატის ხიდი, ტურისტული ინფრასტრუქტურა).
კვირეულის ცენტრალურ ღონისძიებას - ბიზნესფორუმს თბილისში სასტუმრო „პარაგრაფმა“ უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ ისრაელის დელეგაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ქართველი ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები ტაჯიკეთიდან, მაროკოდან და სომხეთიდან. ბიზნესფორუმი დაემთხვა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას პირველ დღეს. ღონისძიებაც სიმბოლურად, ხანუქას პირველი სანთლის ანთებით დაიწყო და ის ისრაელის ქალაქების მერებმა, ახმეტის მერმა და იციკ მოშემ აანთეს.
ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ბოლო 35 წლის განმავლობაში ისრაელის მთავრობების - პრემიერების, პრეზიდენტების, მინისტრების მხარდაჭერა, რასაც, ისრაელის წარმომადგენელთა თქმით, ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ისრაელის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ამირ პერეცის თქმით, „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ შექმნა ორ ქვეყანას შორის მთავარი ხიდი“!
ფორუმზე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ შეაჯამა ბიზნესპალატის საქმიანობა საქართველო-ისრაელის ეკონომიკური, ბიზნეს, კულტურული და სხვა ორმხრივი კავშირების გაღრმავებაში. მან ყურადღება გაამახვილა ისრაელიდან ტურიზმის ზრდაზე საქართველოში. იციკ მოშეს თქმით, ბიზნესპალატის ინიციატივით, პირველად, 25 წლის წინ, ისრაელის ტურიზმის სამინისტროსთან და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან თანამშრომლობიით, ისრაელში გაიხსნა საქართველოს ტურიზმის წარმომადგენლობა. პარალელურად, ორგანიზაცია ისრაელის საზოგადოებას, მედიას, ბიზნესწრეებს აცნობდა საქართველოს, მის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს.
დღეს ისრაელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად უკვე 320 ათასზე მეტია, ხოლო ისრაელური კონტრიბუცია ბოლო 35 წელიწადში დაახლოებით 5 მლრდ დოლარია. მასში დიდი წილი ტურიზმსა და პირდაპირ ინვესტიციებზე მოდის.
იციკ მოშეს თქმით, არის პოტენციალი, რომ უახლოეს წლებში ისრაელიდან ტურისტთა ნაკადმა საქართველოში 500 ათასს მიაღწიოს და 2030 წლამდე კონტრიბუცია წელიწადში 1 მლრდ დოლარის გახდეს.
იციკ მოშემ ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ მიერ შემუშავებული მოდელი, თუ როგორ უნდა გაიზარდოს აღმოსავლეთ ევროპიდან ტურისტთა ნაკადი ისრაელში, ისე, რომ ტურისტები ლეგალურად და დაუბრკოლებლად შევიდნენ ისრაელში, ამასთან შემცირდეს ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის შემთხვევები. მისი თქმით, საჭიროა, მხარეებმა წინასწარ შეათანხმონ ვიზიტორთა სიის ბაზა; ტურისტულმა კომპანიემა წარადგინონ გარანტია ტურისტულ ჯგუფებზე და თბილისის აეროპორტში ვიზიტორთა სელექციაში მონაწილეობა მიიღონ საელჩოების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე იციკ მოშემ წარადგინა ახალი, 40-მილიონიანი საინვესტიციო პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტში, რომელიც ითვალისწინებს ტანამედროვე ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სასტუმროებით, ვილებით, ამფითეატრით, რესტორნებით. ქალაქ რიშონ-ლეციონისა და ახმეტის მერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მხარს უჭერენ აღნიშნული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას. ესაა ქალაქების თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითი.
წარმოდგენილი იყო აგრეთვე, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიური მარშრუტი, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით ხორციელდება და ის საქართველოდან იწყება.
საუბარი შეეხო საერთაშორისო ბრენდების გაძლიერებას ტურისტულ ინდუსტრიაში, ისრაელის კინემატოგრაფის დაინტერესებას საქართველოთი და ახალ გადაღებებს, გაიმართა ქართულ-ისრაელური სტარტაპის პრეზენტაცია, როგორც ერთობლივი მუშაობის წარმატებული ნიმუში.
როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა იყო ინიციატორი, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე, შემუშავებულიყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი გეგმა, რომელიც შეეხებოდა თანამშრომლობის ახალ ეტაპს სოფლის მეურნეობის სფეროში, ქართული ექსპორტის გაზრდას ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში. ამ მხრივ, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის უშუალო მონაწილეობით უკვე მოხდა რამდენიმე ბრენდული საექსპორტო ქართული პროდუქტისთვის საერთაშორისოდ აღიარებული „ქოშერის“ სტატუსის მინიჭება. ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
იციკ მოშემ ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესფორუმზე გაწეული სამუშაოს შეფასება მხარეებს დაეხმარება მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმვაში. მომავალი ბიზნესფორუმი კი გაისად, იერუსალიმში ჩატარდება.
კვირეულის ფარგლებში, ცალკე პანელური შეხვედრა მიეძღვნება ანტისემიტიზმს, სადაც ისრაელელი სტუმრები შეხვდნენ ახალგაზრდა ქართველ ლიდერებს; „ისრაელის სახლმა“ კი წარადგინა სამუშაო გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ცივილიზებული მსოფლიო წინ აღუდგეს მზარდ ანტისემიტიზმს. „ისრაელის სახლი“, რომელიც ამჯამად 27 ქვეყანაში მუშაობს, მთავრობებს სთავაზობს, კანონმდებლობის დონეზე ანტისემიტიზმი აღიარებული იყოს დანაშაულად. გარდა ამისა, განათლების სისტემა ზრუნავდეს ახალ თაობაში ცნობიერების ამაღლებაზე, ისწავლებოდეს ჰოლოკოსტის ისტორია.
შეხვედრაზე ითქვა, აგრეთვე, რომ გაისად „ისრაელის სახლის“ ცენტრალური ოფისი იერუსალიმში განთავსდება რასაც მხარი დაუჭირა იციკ შმულიმ, ამერიკული ლობის (UJA) წარმომადგენელმა, რომელსაც ოფისი იერუსალიმში, მსოფლიო ებრაული სააგენტოს ცენტრში აქვს.
მოისმინეს ანგარიში პარიზში გამართული შეხვედრიდან, სადაც განიხილეს მსოფლიო ქალაქების მონაწილეობის საკითხი ანტისემიტიზმის დაძლევის საქმეში, აგრეთვე, ებრაული კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ინსტრუმენტი ხალხებს შორის დიალოგსა და ურთიერთობებში.
პანელის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ისრაელში ამერიკული ლობის წარმომადგენელმა, ყოფილმა მინისტრმა იციკ შმულიმ და იციკ მოშემ.
ბიზნესფორუმის პარალელურად გაიმართა ისრაელელი მხატვრების ნახატების და ბიზნესპროექტების გამოფენა.
იციკ მოშეს თქმით, 35-წლიანი მუშაობისა და მსოფლიოში ბოლო 7-წლიანი კრიზისის, ომების, პანდემიის შემდეგ, ჩვენს წინაშეა სულ სხვა რეალობა, რომელიც ალბათ კიდევ რადიკალურად შეიცვლება.
უნდა მოვემზადოთ პროფესიონალურ დონეზე თანამშრომლობისთვის საქართველოსა და ისრაელს შორის. ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველო-ისრაელის პირდაპირი სახელმწიფოებრივი კავშირები. ეს მხარეებს უკეთ დაანახვებს რეალობას, თუ რა უნდა გაკეთდეს ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობებში, ილუზიებისა და პათეტიკური საუბრების გარეშე. მნიშვნელოვანია ამ საქმეში იმ ადამიანების მონაწილეობა, ვინც ზრუნავს ორმხრივ სახელმწიფოებრივ ურთიერთობებზე, კუთხურობისა და ვიწრო ინტერესების გარეშე.
