13 დეკემბერს ბელარუსში გათავისუფლებული პოლიტპატიმრების უმეტესობა უკრაინაში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პატიმარი - ოპოზიციონერი, მარია კოლესნიკოვა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო.
ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ ბელარუსმა უკრაინას 114 სამოქალაქო პირი გადასცა, მათ შორის უკრაინის ხუთი მოქალაქე.
„ბელარუსის მხარესთან წინასწარი შეთანხმებებისა და ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად, ამერიკელი პარტნიორების თხოვნითა და დახმარებით, ასევე სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მუშაობით, უკრაინაში გადაიყვანეს 114 სამოქალაქო პირი, მათ შორის უკრაინელები, რომლებიც ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ,“ - აღნიშნულია შტაბის ინფორმაციაში.
უკრაინაში ამჟამად მყოფი ბელარუსი ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო და მისი თანამოაზრე მარია კოლესნიკოვა, პორტალ TUT.by მთავარი რედაქტორი მარინა ზოლოტოვა და მარია ალექსანდროვა.
უკრაინის საზღვარზე მათ პირადად დახვდა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი.
„ბელარუსში გათავისუფლებულ მოქალაქეებს, საჭირო სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ და მათი მოთხოვნის საფუძველზე, პოლონეთსა და ლიეტუვაში გადაიყვანენ“, - აცხადებენ საკოორდინაციო შტაბში.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკამ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უცხო ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა.
მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნაში, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებებისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამასთან, გათავისუფლებულებს შორისაა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი.
გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.