ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის, თქმით, იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ეკონომიკის სრული ჩამოშლა არ მოხდეს, მთავრობამ ორი ნაბიჯი უნდა გადადგას - შეამციროს გადასახადები და რადიკალურად შეამციროს ყველა არასასიცოცხლო აუცილებლობის მქონე ხარჯი.
დავით ბაქრაძის თქმით, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად ლარის გაუფასურება და ეკონომიკის ჩამოშლა მთავარი პრობლემაა, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას ემუქრება და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკის მიერ პერიოდულად რეზერვების გაყიდვა საკმარისი არ არის.
"ამ პროცესის შეჩერებას პირველ რიგში სჭირდება რადიკალური ეკონომიკური ნაბიჯები ქვეყნისთვის. ამათგან უმთავრესი არის გადასახადების შემცირება. რაც უფრო მეტს ჩავტოვებთ ეკონომიკაში, რაც უფრო მეტ საბრუნავ თანხას დავუტოვებთ ადამიანებს ბიზნესში და ჯიბეში, მით უფრო მყარი იქნება ლარი და უფრო ადვილად გადავიტანთ ეკონომიკურ კრიზისს. ამიტომ, გადასახადების შემცირება ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ლარის გამყარებისკენ," - თქვა ბაქრაძემ.
დეპუტატის თქმით, გადასახადების შემცირების გარდა, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი და უნდა შემცირდეს ყველა ის ხარჯი, რომელიც საციცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენს.
"ბიუროკრატიული ხარჯები, კაბინეტების მოწყობები, მივლინებები, სხვადასხვა პროექტი, რომელსაც არანაირი რეალური დატვირთვა არ აქვს დღევანდელ ვითარებაში - ყველა ეს ხარჯი უნდა შემცირდეს, ყველა ასეთი პროექტი უნდა გაუქმდეს და ამოცანა უნდა იყოს, რომ თუ რაიმე იხარჯება დღეს, უნდა დაიხარჯოს მხოლოდ საციცხლოდ საჭიროებებზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დახმარებებზე ადამიანების, ხოლო დანარჩენი ხარჯების ეკონომიის ხარჯზე, დავიჭიროთ საბიუჯეტო დეფიციტი," - თქვა დავით ბაქრაძემ.