მიმდინარე საფინანსო წელი, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, ამერიკის ფედერალურმა ბიუჯეტმა 1,47 ტრილიონი დოლარი დეფიციტით დაასრულა. ხოლო 2011 წლის ფინანსურ წელს ბიუჯეტის დეფიციტი სავარაუდოდ 1,42 ტრილიონი დოლარი იქნება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტის უკიდურესი საფრთხის ზღვარზე არსებობაზე საუბრობს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (ეროვნული ბანკის) ყოფილი ხელმძღვანელი ალან გრინსპენი.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ხარჯების შემცირებაზე, მათ შორის სოციალურ პროგრამებზე.
"ჩვენ სახიფათო თამაშს ვთამაშობთ. სასწაულებრივი ტემპებით ვზრდით სახელმწიფო ვალებს", - განცხადა გრინსპენმა.
გრინსპენი აცხადებს, რომ ამერიკული კომპანიები არ ჩქარობენ თანხების ჩადებას სხვადასხვა პროექტში, რის ფონზედაც ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება.
"სუსტი კაპიტალდაბანდებები მთლიანად აშშ-ის ეკონომიკის აღდგენას აფერხებს", - აცხადებს გრინსპენი და დასძენს, რომ "ასეთ პირობებში უფრო მიზანშეწონილია ხარჯების შემცირება ვიდრე გადასახადების ზრდა".