გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან - ვაშინგტონი მოსკოვს კიდევ ერთ პოლიტიკურ მესიჯს უგზავნის. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა და სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულება მოითხოვა.
"ჩვენ კვლავ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და მოვითხოვთ რუსეთის ჯარი სტატუს-კვოს მდგომარეობას დაუბრუნდეს", _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ თონელმა.
სპეციალურ ბრიფინგზე ამერიკელმა დიპლომატმა ჰილარი კლინტონისა და ნიკა გილაურის შეხვედრების შედეგები შეაჯამა.
"ეს არის ნაწილი სტრატეგიული დიალოგისა, რომელზეც ყველა იმ პრპობლემაზე ვისაუბრეთ, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ვაგრძელებთ ამ ქვეყანასთან მუშაობას,"- განმარტა ამერიკელა დიპლომატმა.
მისივე განცხადებით, დიალოგი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრს.
"ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ 2008 წლის შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, აუცილებლად უნდა შესრულდეს და რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ომამდელ პოზიციებს", _ აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.