ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა პირობა დადო, რომ იგი "დამარხავს" ამერიკელ ლიდერებს, იმის პასუხად, რომ ისინი თეირანზე, ურანის გამდიდრების პროგრამის გამო სამხედრო იერიშის მიტანას აპირებენ. განცხადება ამის შესახებ, აჰმადინეჯადმა გაეროში თავისი სკანდალური გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "Associated Press""-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ირანის ლიდერმა კიდევ ერთხელ წინ წამოსწია საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იდგა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის უკან, აჰმადინეჯადმა ასევე განაცხადა, რომ ტერაქტებმა ვაშინგტონს მისცეს საშუალება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დომინირებისა და ასევე ნავთობის საბადოების გაძარცვისა.
შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის სამი ძირითადი ვერსია არსებობს: ტერორისტების შეთქმულება, შეთქმულება აშშ-ს მთავრობის შიგნით, და ტერორისტების შეთქმულება, რომელიც შემდეგ უკვე ერაყსა და ავღანეთში ომის დაწყების საბაბად იქნა გამოყენებული.
ამ სიტყვების შემდეგ აშშ-ის დელეგაციამ და კიდევ 27 ქვეყნის წარმომადგენელმა გაეროს გენასამბლეის დარბაზი დატოვეს. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის ლიდერის სიტყვებს "ამაზრზენი და ნაბოდვარი" უწოდა.