2019 წლის მონაცემებით, პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო 389 ჟურნალისტს თავისუფლება აქვს აღკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა საპატიმროში. ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აქვეყნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობით პირველ სამეულში არის ჩინეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის განმავლობაში, 49 ჟურნალისტი მოკლეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
შეგახსენებთ, ამავე ორგანიზაციის ანგარიშით, გასულ წელს 80 ჟურნალისტი იყო მოკლული.
2019 წელს ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნები იყო მექსიკა, სირია, ავღანეთი, პაკისტანი და სომალი.
აღნიშნულია ასევე ისიც, რომ მედიის 57 წარმომადგენელი არის მძევლად აყვანილი და ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. მათ შორის ერთ-ერთი აღმოსავლეთ უკრაინაში, დანარჩენი კი ერაყში, სირიასა და იემენში.