„ცირკი ცხოველების გარეშე“ - ამ ლოზუნგით თბილისში ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობას აპროტესტებენ. შეკრებილები საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პეტიციაც დაწერეს.
დღესდღეობით 30-მდე ქვეყანაში/ქალაქში დაწესებულია ნაციონალური, რეგიონული თუ ლოკალური შეზღუდვები გარეული ან ყველა ცხოველის გამოყენებაზე ცირკში. მათ შორისაა: საბერძნეთი, კვიპროსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მალტა, ბოლივია, პოლონეთი, კოლუმბია, ხორვატია, კოსტა-რიკა, ისრაელი, იტალია, ლუქსემბურგი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შოტლანდია, სინგაპური, ისრაელი, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ხორვატია, ესტონეთი, გერმანია, მექსიკა, შვედეთი, ინდოეთი, პერუ, ესპანეთი.
აღნიშნული ტენდენციის დაწყება განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-მასალების გავრცელებამ, რომლებზეც აღბეჭდილია ცირკში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტები.