დედაქალაქში დამატებით, 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.
„ტენდერი, რომელიც ნოემბერში იყო გამოცხადებული, დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა 220 ახალ ავტობუსზე. წლის ბოლოსთვის თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა და არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ზოგადად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რადგანაც გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, მეტროს ვაგონების განახლებასა და მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, ისინი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს. ტენდერი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო დავები, თუმცა საბოლოოდ დასრულდა და მათი მოწოდება 8-თვიან პერიოდში უნდა მოხდეს. ავტობუსი ISUZU-ს ფირმისაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.