დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიტანეთის სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ ,,HMS ECHO“-ს ეკიპაჟის წევრებს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებზე, რისი კიდევ ერთი დასტურიც ბრიტანული ხომალდის უკვე მეორე ვიზიტია რეგიონში. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარას, მისი ზღვისპირა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკური, ტურისტული თუ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში.
,,დინამიურად ვითარდება ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის მიმართულებით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრიტანეთის სამეფო არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ამ მიმართულებით” - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ბრიტანულმა ინვესტიციებმა და გასულ წელს პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციების რაოდენობამ 203,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტების ნაკადი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველკვირეულად ხორციელდება ხუთი პირდაპირი ფრენა ლონდონის მიმართულებით.
ბრიტანული ხომალდის „HMS ECHO-ს“ შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას.