"ბათუმობა” წელს 28 აპრილს აღინიშნება. თარიღი უკავშირდება 1988 წლის 28 აპრილს ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას.
ქალაქის დღესთან დაკავშირებით, ბათუმს დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლები სტუმრობენ. მათთვის დღეს ოფიციალური მიღება გაიმართა.
ბათუმში იმყოფებიან უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, ეგვიპტის, ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები.
ლაშა კომახიძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ბათუმობის დღესასწაული მიულოცა:
"ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. გილოცავთ ყველას, ვინც აღნიშნავთ და იზიარებთ ამ უდიდეს დღესასწაულს. ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ შავი ზღვის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქ ბათუმში „ბათუმობის“ დღესასწაულზე, რაც უკავშირდება ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების 131-ე წლისთავს. გასულ წლებში ბათუმობა აღინიშნებოდა სექტემბერში, მაგრამ წელს 28 აპრილს ვზეიმობთ, რადგან 1888 წელს, სწორედ ამ დღეს, ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ტრადიციებით. 32 დამეგობრებულ, პარტნიორ ქალაქთან წლების განმავლობაში გვაკავშირებს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები. მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო ბულგარეთის, თურქეთის, საუდის არაბეთის, სომხეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და ჩინეთის პატივცემულ ელჩებს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს საფრანგეთიდან და უკრაინიდან. ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის გენერალურ კონსულებს ბათუმში. განსაკუთრებული მადლობა გერმანიის განვითარების ბანკის სამხრეთ -კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ბატონ კლაუს ვაიგელს მობრძანებისათვის და დაფასებისათვის. წელს ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა. პატივისცემით გვსურს მივესალმოთ და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ACES EUROPE-ს პრეზიდენტს, ბატონ ჯან ფრანჩესკო ლუპატელის, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის აღნიშნული ტიტულის მოპოვებაში. აქედან გამომდინარე, ასევე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ განჯის ოფიციალურ დელეგეციას ჩამობრძანებისათვის, რომლებმაც ასევე მიიღეს აღნიშნული წოდება. მათი ვიზიტი ხელს შეუწყობს ახალი და საინტერესო თანამშრომლობის განვითარებას ორ ქალაქს შორის.
ბათუმობასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები სასიამოვნო დროს გაატარებენ და დღევანდელი დღე მათთვის დასამახსოვრებელი იქნება“.
დღეს ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილ ღონისძიებებს დაესწრონ. საზეიმო აქტივობები 12 საათზე დაიწყო და საღომოს 21:00 საათზე, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.
,,ბათუმობა 2019“-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება: საბავშვო კუთხე, წიგნების კუთხე, თითების თეატრი, ფრანების შოუ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში - ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა. 19:00 საათზე, საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე დაიწყება მიუზიკლი Welcome To Georgia.