საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ჰესების არაშენება მხოლოდ მეზობელი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
მისი თქმით, ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია.
„ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისთვის გაცილებით სწრაფი ტემპი სჭირდება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კავკასიის რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა გახდეს. ეს შესაძლებელია და ამას მსოფლიო ბანკის კვლევებიც ადასტურებს. ვამბობთ, რომ ეკონომიკის, მცირე და საშუალო წარმოების განვითარება გვინდა და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ფაქტია, რომ ტურიზმი სწრაფი ტემპით ვითარდება და პარალელურად, მატულობს ენერგომოხმარება რეგიონებში, განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, თუ ენერგეტიკას არ განვავითარებთ?! როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმ მეზობელი ქვეყნის ახირებაზე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თუ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა გვინდა, მაშინ ჩვენი ძირითადი ენერგორესურსი - წყალი - ეფექტურად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. ის, რაც გაიარა ევროპამ, იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა წინა საუკუნეში, ჩვენ ახლა უნდა გავიაროთ - მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით და გარემოზე მინიმალური ზეგავლენით.
ჩვენ დღეს არ უნდა ვსაუბრობდეთ ენერგოობიექტების აშენება-არაშენებაზე. არაშენება და არგაკეთება მხოლოდ მეზობელი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. დღეს უკეთ აშენებაზე უნდა ვსაუბრობდეთ, გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს“, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.