Instagram-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურების ანგარიშები დაბლოკა.
სოციალური ქსელის სანქციებს გენერალ-მაიორ მოჰამედ ალი ჯაფარის, გენერალ-მაიორ მოჰამედ ბაქერისა და გენერალ-მაიორ ქასემ სოლეიმანის ანგარიშები „შეეწირა“.
დაიბლოკა ასევე გუშაგთა კორპუსის ფაქტობრივი ლიდერის, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერთა ინგლისურენოვანი გვერდი.
სოციალური ქსელები - Facebook, Twitter და Telegram ირანში ოფიციალურად აკრძალულია. Instagram-ი კი ირანში მცხოვრები ირანელი მოქალაქეებისთვის ხელისაწვდომია.
ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა არმია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 08 აპრილს განაცხადა.
ტრამპის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, ირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი პირდაპირ ექვემდებარება ქვეყნის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.