საფრანგეთის პოლიცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ელექტროობის გაუმართაობას განიხილავს. ამის შესახებ გაზეთი Parisien-ი წერს.
როგორც გაზეთი წერს, ხანძარი შპილიდან დაიწყო, რომელიც ჩამოინგრა. გამოცემის ინფორმაციით, აალების კერა კონსტრუქციის ქვედა ნაწილში მდებარეობდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, გაუჩნდა. 400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძარს გადაურჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფერადი სარკმელები. გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი. ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.
პარიზის პროკურორმა რემი ეიტზმა თქვამ რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ. პროკურატურა მთავარ ვერსიად უბედურ შემთხვევას განიხილავს.
დაწყებულია სახსრების შეგროვება ნოტრ-დამის აღსადგენად. შესაბამისი განყოფილება გამოჩნდა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე. მომხმარებელს სთავაზობენ 50-დან 500 ევრომდე თანხის შეტანას, ან სხვა, ნებისმიერი თანხის მითითებას. ალტერნატივაა – ყოველთვიურად ნაკლები თანხის ჩამოჭრა – 10-დან 100 ევრომდე, ან სხვა თანხის მითითება, შერჩევით.
ტაძრის აღსადგენად 200 მილიონი ევრო გამოყო ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ, ასევე 200 მილიონი ევრო გადარიცხა კოსმეტიკური კომპანია „ლორეალის“ დამფუძნებლის ოჯახმა, 100 მილიონი გადარიცხა ფრანგულმა ნავთობის კომპანიამ „ტოტალმა“. 100 მილიონი გადარიცხა ბიზნესმენმა ფრანსუა ანრი პინომ.
გარდა ამისა, თანხის გადარიცხვის სურვილი გამოთქვა კომპანია ეფლის დირექტორმა ტიმ კუკმა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტაძრის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დასჭირდება.