23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, ქალაქ თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინს ეწვევა და რამდენიმე დღის წინ დარბეულ ბიბლიოთეკას ახალ წიგნებს აჩუქებს. აღნიშნული აქტივობა კამპანია „აჩუქე წიგნის“ ფარგლებში განხორციელდება.
„თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და მისი დამფუძნებლის, ქალაქ თბილისის მერიისთვის, პრიორიტეტულია ბიბლიოთეკებზე ზრუნვა. ჩვენ აქტიურად ვუერთდებით აღნიშნულ ინიციატივას და არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ, რომელთა მთავარი მიზანიცაა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ქალაქშიც და სოფელშიც. ამჯერად კამპანია „აჩუქე წიგნის“ ფარგლებში, სოფელ ვეჯინის რამდენიმე დღის წინ დარბეული ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს შევავსებთ“, - ამბობს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
კამპანია „აჩუქე წიგნი“ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და კომპანია „გალფთან“ ერთად ხორციელდება. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე ათეულ სოფელში, სადაც ასევე განახლდება წიგნადი ფონდები.