შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეისწავლა, - ამის შესახებ შსს-ის მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციებიდან, ბევრი არ დადასტურდა, ხოლო დადასტურებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
„მიმდინარე კვირას მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა ბოლო 48 საათის განმავლობაში. გამოკითხული იქნენ მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბრო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირები. შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა, მათ შორის არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს. ასევე, არ დადასტურდა ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება, ხოლო ნაწილის შესწავლა გრძელდება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.