„პალიტრანიუსის“ ოპერატორი, ბექა მშვილდაძე სამართალდამცავებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სასამართლომ კი, მშვილდაძე პატრულის თანამშრომლების მისამართით უცენზურო სიტყვის გამოყენების გამო 1 500 ლარით დააჯარიმა.
ოპერატორმა თბილისის საქალაქო სასამრთლოს მიერ გამოტანილი აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერის გადაცემას მოითხოვს, სადაც როგორც თავად განმარტავს, ნათლად ჩანს, რომ მას სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
„პატრულის თანამშრომელმა მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეურაცხყოფის დროს მანქანაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით, ხელზე ბორკილები მედო და ცუდ სიტყვებს მეძახდა. ვითხოვ, ჩემი დაკავების ვიდეოჩანაწერს, რასაც არ მაძლევენ. ეს ვიდეო სასამართლოში მანახეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატრულის თანამშრომლისთვის უცენზურო სიტყვით არ მიმიმართავს. შემთხვევის ადგილზე 6 ადამიანი ანუ, 3 ეკიპაჟი იყო, სამხრე კამერები ხომ ყველას უკეთია? ვითხოვ ამ ჩანაწერების გადმოცემას, მაგრამ ზუსტად ასეთ დროს უფუჭდებათ და უჯდებათ სამართალდამცავებს კამერები. როცა თვითონ აწყობთ, ყველაფერი ჩაწერილი აქვთ, როცა მოქალეს აქვს პრეტენზია, ყოველთვის რაღაც მოსდის იმ მასალას“, - აცხადებს მშვილდაძე.
მისი განმარტებით, მოსამართლე მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას დაეყრდნო.
„სასამართლომ 1 500 ლარი დამაკისრა ჯარიმა. მოწმედ კი ის ადამიანი მოიყვანეს, რომელმაც ბორკილები დამადო, რა თქმა უნდა, თქვა, რომ უცენზურო სიტყვა გამოვიყენე. მის სიტყვას მოსამართლე ენდო და დამაჯარიმა“, - დასძენს მშვილდაძე.
ის დაკავების მომენტსაც იხსენებს.
„მაქანით ვმოძრაობდით ბელიაშვილის ქუჩაზე, მეც ნასვამი ვიყავი და მძღოლიც, რასაც ვაღიარებთ. მძღოლს საბუთები თან არ ჰქონდა, მანქანიდან გადმოიყვანეს და პატრულის მანქანისკენ მიჰყავდათ, ვკითხე თუ რატომ მიჰყავდათ, რადგან მეგონა აკავებდნენ. თურმე, სახის ამომცნობთან მიჰყავდათ. ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაუციათ. პატრულის თანამშრომელს მივმართე, გასაგებია, ახალგაზრდა კაცი კაპიტნობას როგორც მიაღწვედი-მეთქი. ეს ვთქვი თუ არა, მაშინვე დამაკავეს. მანქანაში ჩასმის შემდეგ კი მითხრეს, რომ უცენზურო სიტყვა გამოვიყენე, რაც არ ყოფილა და არც ვიდეოში ისმის. გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ მათთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“, - აცხადებს მშვილდაძე.