ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტეინმეიერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და ზოგადად, ეუთოს სივრცეში არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.
გიგი წერეთელმა გერმანიის პრეზიდენტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიის საპარლამენტო დელეგაცია, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში, ასამბლეის ფორმატში ყოველთვის აქტიურად არის ჩართული.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გიგი წერეთელმა რაიხსტაგის სასახლეში, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომლებზეც საუბრის მთავარ თემას ქართული მხარის მიერ მომზადებული და სესიაზე განსახილველად წარდგენილი „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ" რეზოლუციის პროექტი წარმოადგენდა.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოზე და ეს არის ზოგადი პრობლემა საერთაშორისო დღის წესრიგის და იმ პრინციპების დარღვევის, რომელსაც ეუთო ეფუძნება, მხარდაჭერილი იქნება. ეს არის ინტერვენცია, ძალით საზღვრების შეცვლა, ძალის გამოყენება მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ და ა.შ. ვფიქრობ, რომ ასამბლეის წევრები რეზოლუციის პროექტს დაუჭერენ მხარს და ამ მიმართულებით დელეგაციის წევრები აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა.