უახლოეს მომავალში ჩვენთან კომისიაში მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა - შოთაძე იქნება, სუბელიანი თუ სხვა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ არასამათავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მათი ამოცანა ვინმეს დაჭერა კი არა, ყველაფრისთვის სახელის დარქმევაა.
"ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი, ეს არის აუცილებელი პროცესი. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გვექნება ასეთი ტიპის ინტერაქცია. მოვისმინეთ მათი პირველადი შეკითხვები და დამოკიდებულება, მათ შორის პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად საჯარო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონით. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებამ ყველა კითხვაზე, რომელიც დღეს არსებობს, მიიღოს პასუხი. ჩვენ ვაპირებთ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც რამე შემხებლობში არის საქმესთან, მოვიყვანოთ კომისიაზე. ჩვენი ფუნქცია არ არის ვინმეს დაჭერა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის სახელის დარქმევა“, - აცხადებს კაპანაძე.