საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და იმ სტუდენტებს, რომლებიც
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობენ, უახლოესი მომავლიდან, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევების, აკადემიური თუ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ.
სამომავლო კოოპერაციის პერსპექტივა, რომელზეც, დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატმა, ანდრეა კარტნეიმ განიხილეს, ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლი, რომის ლა საპიენცას და ლინქ ქამფუს უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუ-ის აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
„დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეტად მნიშვნელოვანი დღეა, გვეწვია იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანტონიო ენრიკო ბარტოლი და დელეგაცია რომის ორი ცნობილი უნივერსიტეტიდან. ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია რომის უნივერსიტეტთან მემორანდუმის ხელმოწერა, რადგან ეს თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერს და მრავალფეროვანს გახდის სტუ-ის სამეცნიერო თუ პრაქტიკულ საქმიანობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის“, - განაცხადა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, ლევან კლიმიაშვილმა.
როგორც იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ აღნიშნა, „რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტი, რომელიც მე-14 საუკუნეშია დაარსებული, განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა იტალიაში. ტექნიკური უნივერსიტეტი კი, ასევე უმნიშვნელოვანესი უმაღლესი სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში. სწორედ ამიტომაა ამ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ასე მნიშვნელოვანი. ეს ხელს შეუწყობს სამივე დონის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ახალი გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას და, ასევე, ჩამოაყალიბებს ახალ ურთიერთობებს კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში ჩვენს ორ ქვეყანას შორის.“
დღესვე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომის ლა საპიენცას და ლინქ ქამფუს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითა და სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, ჩატარდა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე - რეგიონში არაფრისმომცემი თამაშის გადალახვის გზები“. კონფერენცია გახსნა იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. მისი თქმით, „კონფერენცია ეძღვნება იმ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნაში არსებობს, შესაბამისად, სამივე ქვეყანას აწუხებს გაყინული თუ დროში გაჭიანურებული კონფლიქტების თანმდევი პრობლემები. შევეცდებით წარმოგიდგინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იტალიისთვის, როგორც ეუთოს წლევანდელი თავმჯდომარე ქვეყნისთვის, რეგიონში სტაბილურობის არსებობა, რამდენად შესაძლებელია შედგეს დიალოგი ყველა დონეზე, დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა, რაც დიდწილად შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს“.
16 – 18 მაისს კი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და ლა საპიენცას და ლინქ ქამფუს უნივერსიტეტების მონაწილეობით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექციები შემდეგ თემებზე: „ევრაზიის პროექტი, მითი თუ რეალობა“, „უნიპოლარული მომენტის შენარჩუნება: ამერიკის პოლიტიკური სტრატეგია ცივი ომის შემდგომ“ და საგაზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის თემაზე: „საერთაშორისო ურთიერთობები, მმართველობა და საზოგადოება“.